ჯანდაცვის საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ ე. წ. ღორის გრიპის პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განუცხადა, გეგმაში დეტალურადაა გაწერილი, რა მოვალეობები დაეკისრება თითოეულ სახელმწიფო უწყებას და პოლიკლინიკას პანდემიის შემთხვევაში.
"ეს გეგმა მხოლოდ პანდემიის შემთხვევაში გამოიყენება და არა ახლა. შესაბამისი გეგმის შემუშავების რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ და მას ყველა უწყებას და პოლიკლინიკას გადავიგზავნით", - განაცხადა კვიტაშვილმა.
მისი განმარტებით, ეპიდემიის შემთხვევაში მედპერსონალს ტრენინგები ჩაუტარდებათ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შესაბამის სიტუაციაში.
"გარდა ამისა, ყველა უწყებას საკუთარი მოვალეობა დაეკისრება, კერძოდ, შსს-ს _ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ შესაბამისი შტაბების შექმნა და ვითარების გაკონტროლება, რომ ვირუსი ცხოველებზე არ გავრცელდეს და სხვა", - განმარტა კვიტაშვილმა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეიდან სამინისტრო ე. წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით სარეკლამო კამპანიის ჩატარებასაც იწყებს.
"ტელეეთერებში დატრიალდება ვიდეორგოლები, ჩვენი წარმომადგენლები გამოვლენ თოქ-შოებში და ზუსტად მიაწოდებენ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორ უნდა აიცილონ ვირუსი თავიდან. ეს უკავშირდება როგორც ჰიგიენური ნორმების დაცვას, ისე ინფიცირებულთან კონტაქტზე უარის თქმას და სხვა", - დასძინა მინისტრმა.