ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხეობაში ქარი აღარ ქრის, რაც სახანძრო სამუშაოებს აიოლებს. ხაჩიძის განცხადებით, რამდენიმე ხანძრის კერაა დარჩენილი რისი ლიკვიდირებაც სავარაუდოდ დღის ბოლომდე უნდა მოხერხდეს.
"ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია კვლავ მუშაობს, იქ სადაც ფეხით მისვლა შეიძლება მეხანძრეები მუშაობენ და თუ ასე გაგრძელდა და ქარმა ხელი არ შეგვიშალა სავარაუდოდ დღის ბოლომდე ხანძრის ლიკვიდირებას შევძლებთ", - განაცხადა ხაჩიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში სამაშველო - სახანძრო სამუშაოები დღეს, დილის 06:00 საათიდან განახლდა. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეებთან ერთად, შიდა ქართლის და იმერეთის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ეხმარებიან.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 ჰექტარამდე ფართობი. იწვის იშვიათი ჯიშის ხეებიც.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვეტმფრენები და სახანძრო მანქანები. სულ კერების ლოკალიზებაში 150-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.