კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების გაუქმებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების სამეცნიერო წრებეთან განხილვისას გაკეთდა.
კონსტიტუციაში ცვლილებები ითვალისწინებს იმასაც, რომ აღარ იარსებებს ცნება ორგანული კანონი და კანონთა იერარქიიდან ეს ცნება ამოღებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით იერარქიაში პირველ ადგილზეა კონსტიტუცია, მეორეზე საკონსტიტუციო შეთანხმება და მესამეზე ორგანული კანონი.
ორგანული კანონის კანონთა იერარქიიდან ამოღების მოწინააღმდეგენი საკუთარ მოსაზრებას იმ არგუმენტით ასაბუთებენ, რომ არსებობს გარკვეული პრიორიტეტული საკითხები და მასთან დაკავშირებული კანონები პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა არსებობდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმეტესობა და ასევე საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმნდეგება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, კანონთა იერარქიაში უზენაეს კანონს წარმოადგენს კონსტიტუცია.
ყველა კანონი უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან და იყოს თანაბარი უფლების მქონე. მისი თქმით, არ შეიძლება კანონთა შორის გარკვეული საკითხების პრივილეგიად მიჩნევა.
გარდა ამისა საპარალმენტო უმრავლესობა აქცენტს აკეთებს იმაზეც რომ დეპუტატთა ხელში ორგანული კანონი ხშირად მანიპულაციის საგანია, ვინაიდან ორგანული კანონის მიღებას ან ამ კანონში ცვლილების შეტანას სჭირდება მეტი ხმა და შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში დეპუტატები ამით მანიპულირებენ.
სწორედ ამიტომ დეპუტატებს მიაცნიათ რომ აღნიშნული პრობლემები მოიხსნება თუკი იერარქიაში აღარ იქნება ორგანული კანონი.
კუბლაშვილის თქმით, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლბაში ორგანული კანონის მცნება არ არსებობს და ეს მათ არც სამართლებრივი და არც დემოკრატის თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ უქმნის.