საქართველოში ე.წ. "სტრასბურგის სასამართლოს" აღარ გაიხსნება. ამის შესახებ დღეს პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროექტის სამეცნიერო წრეებთან განხილვისას გახდა ცნობილი.
საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობის იდეა იყო, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მისცემოდა უფლება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიემართა სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების თხოვნით. აღსანიშნავია, რომ დღეს ეს უფლება მხოლოდ კონკრეტულ პირებს გააჩნიათ და რიგითი მოქალაქეებისათვის იგი ხელმისაწვდომი არ არის.
საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა კი გეგმავდა, რომ საქართველოში გერმანიის მაგალითის გადმოტანა მოხდებოდა და მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ექნებოდათ.
თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ინიციატივა პროექტში ასახული არ არის. ამის არგუმენტად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვა მოხდება. ამის გამო ვეღარ მოხდება სარჩელების საფუძვლიანი და არსებითი განხილვა და შესაბამისად ეს გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას.
გარდა ამისა, კუბლაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ამ საკითხზე ბერლინის კონფერენციაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა და დასძენს, რომ ამ საკითხზე გერმანიაში ცალკე შეხვედრა გაიმართა.
მისი თქმით, უცხოელი სპეციალისტების რჩევაც იყო, რომ ამ იდეის განხორციელებისაგან ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კი იმედოვნებს, რომ "იქნება როდესმე მივაღწიოთ ამას". როგორც შარმანაშვილი აცხადებს, პირადად იგი და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მომხრე იყვნენ მოქალაქეებისათვის ამ უფლების მინიჭებისა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ არის გავრცელებული და მაგალითისათვის ასახელებს პოლონეთს. შარმანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრინციპის მიხედვით არ ხდება იმის განსაზღვრა ქვეყანა არის თუ არა დემოკრატიული.
"ეს არის ასაწონ-დასაწონი საკითხები და წმინდა გემოვნების საკითხია. აქ არ არის საუბარი ქვეყნის დემოკრატიულობაზე, აქ არის საუბარი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეგნებულად არ დავაკონკრეტებ და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ დასკვნაში წერია, რომ საქართველოში სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და გარკვეულწილად ამ დასკვნას ამ საკითხსაც ვაკავშირებ. ვიმედოვნებ, იქნებ როდესმე მივაღწიოთ კიდეც ამ პრინციპის დანერგვას" - აცხადებს შარმანაშვილი.