დღეს, 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.
"ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.
სარჩელით, მუსლიმი თემის მიერ, მეჩეთის მშენებლობის მიზნით შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის გარდა, ასევე მოთხოვნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა.
მოსარჩელე მხარე უთითებს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მერიის გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზე და სასამართლოს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და აღმოფხვრას მოითხოვს. ამ კუთხით, მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.
სამართლებრივი დავის პარალელურად, მუსლიმი თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ და სოციალურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.
მუსლიმი თემის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების EMC-ისა და TDI-ს იურისტები იცავენ", - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.