მიმდინარე წლის აგვისტოში, კუბის ყოფილი კომენდანტის, ფიდელ კასტროს მიერ დაწერილი წიგნი გამოიცემა, რომელსაც "სტრატეგიული გამარჯვება" ერქმევა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ფიდელ კასტროს განცხადებით, წიგნი 50 წლის წინ გამართულ ბრძოლაზე იქნება, რომლის დროსაც ფიდელ კასტროს 300-მა მეამბოხემ ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ფულგენსიო ბატისტას 10,000 - იანი არმია დაამარცხა.
"არ ვიცი, ვფიქრობ, ხომ არ ჯობდა წიგნისთვის "ბატისტას უკანასკნელი იერიში" ან "როგორ დაამარცხა 300-მა 10,000" დამერქმია", - განაცხადა კასტრომ კუბის სახელმწიფო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, 25 თავიან ნაწარმოებში იქნება ფოტოები, რუკები, ილუსტრაციები და ინფორმაცია იმ იარაღის შესახებ, რომელსაც მხარეები ომის პერიოდში იყენებდნენ.
როგორც ცნობილია, ფიდელ კასტრომ ფულგენსიო ბატისტას წინააღმდეგ ბრძოლა 1953 წლიდან დაიწყო. ცოტა ხნის განმავლობაში იგი სახელმწიფო გვარდიას ტყვეედაც ჰყავდა აყვანილი, თუმცა საბოლოო ჯამში კასტრომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, მაინც შეძლო და ბატისტა ქვეყნიდან განდევნა. პრემიერ-მინისტრი კასტრო კუბას 1959 წლის დეკემბრიდან, 2008 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მან ქვეყნის მეთაურის თანამდებობა თავის ძმას, რაულ კასტროს გადააბარა.