ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში თუშური გუდის ყველის დაფასოების საწარმო დაიხურა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საწარმოს მეპატრონემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეალიზაციო პუნქტებთან ურთიერთობა გართულდა, რამაც საბოლოოდ საწარმოს დახურვა გამოიწვია.
„თუშური გუდის ყველს ვჭრიდით, შესაბამისი ნორმების სრული დაცვით ვფუთავდით და გასაყიდად შეგვქონდა „პოპულში", „გუდვილში" და სხვა სავაჭრო ცენტრებში. აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან გაძნელდა გაყიდული პროდუქციის თანხის ამოღება. საკმარისი თანხების არ ქონის გამო ფერმერებისგან ყველს ვეღარ ვიბარებდით, დარჩენილი დავალიანება რაც გვქონდა გადავიხადეთ და გავჩერდით", - აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
თუშური გუდის ყველის დაფასოების საწარმო ქვემო ალვანში 2005 წელს, ეროვნული პარკების მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.