ბელორუსის ხისტმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კრემლთან მიმდინარე "მედიაომის" მსვლელობისას უცნაური პოლიტიკური ალიანსი შექმნეს. ასე იწყება ბრიტანული გაზეთის " The Guardian "-ის სტატია სახელწოდებით "ბელორუსი და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ".
"სახელმწიფო არხებზე მძლავრი პოლიტიკური კრიტიკა ისმის იმისათვის რათა კრემლის გავლენა შესუსტდეს, ამით უცნაური კავშირი იქმნება", _ წერს " The Guardian "-ი.
" The Guardian "-ის აზრით, კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ხშირად ევროპის ბოლო დიქტატორს უწოდებენ და კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ძალიან საეჭვო წყვილი აღმოჩნდეს. თუმცა, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაძლიერებადი კონფლიქტისა და მათი ევროკავშირისაკენ სწრაფვის პირობებში, ექსპერტთა აზრით, მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
"რუსეთმა ამ თვეს პირველი ზალპი გაისროლა აჩვენა რა სახელმწიფო ტელეარხ "ენ-ტე-ვეს" ეთერში ორნაწილიანი ფილმი სახელწოდებით "ნათლიმამა". ფილმში იყო მცდელობა ლუკაშენკოს მხილებისა პოლიტიკური ოპონენტების გაქრობაში.
"ნაჩვენები ფილმით განრისხებულმა ლუკაშენკომ რუსეთის დაუძინებელ მტერს მიხეილ სააკაშვილს მისცა უფლება მიეცა შურისსაძიებელი ინტერვიუ ბელორუსის ტელევიზიაში, რომლის მსვლელობისას ქართველმა ლიდერმა მოსკოვს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა რუსეთს 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული ომის გამო.
სააკაშვილის გამოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავის ქვეყანა დემოკრატიის შუქურას უწოდებს, მაშინ როდესაც ლუკაშენკო აყალბებს არჩევნების შედეგებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და 1995 წელს მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ "ადოლფ ჰიტლერის გერმანიაში ყველაფერი ცუდად როდი იყო", _ წერს გაზეთი.
"შესაძლოა ეს ხანმოკლე რომანია, მაგრამ ჯერ ჯერობით ამ ორი ლიდერის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ეს ის შემთხვევაა როცა ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია", _ აცხადებს მოსკოვის დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვლადიმერ ჟარიხინი.
სააკაშვილის ინტერვიუმ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა ამ გადაცემას "არამეგობრული აქცია" უწოდა. ამაცე დროს ბელორუსულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს ეკუთვნოდა და რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ეხებოდა.