მგზავრები გუდაურის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალის მონაკვეთზე, მათ საპატრულო პოლიცია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
მოქალაქეებს პოლიციამ განუმარტა, რომ მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუმცა, მგზავრთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი ანანურში, ფასანაურსა და სხვა ახლომდებარე დასახლებებში მიემგზავრებიან და არა – გუდაურში.
მოქალაქეები პოლიციელებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და შეზღუდვას აპროტესტებენ.
პოლიციელების განმარტებით, საცობია ანანურთანაც, რის გამოც დამატებითი შეზღუდვა დაწესდა ჟინვალის წყალსაცავთანაც.
ადგილზე, 100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა გაჩერებული.