სოხუმში მტრედების მასობრივი სიკვდილის შემთხვევები გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ორნიტოლოგმა ვიქტორ მალანძიამაც დაადასტურა.
„მაიარსკის რაიონში მტრედების მასობრივი დაღუპვის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ დღეს შევიტყვე. ზუსტ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით არ შეგვიძლია. მიზეზი შეიძლება იყოს მოწამვლა ან ინფექცია. მტრედები ნაგავსაყრელებზე იკვებებიან, რაც, რა თქმა უნდა, მათი მოწამვლის საფრთხეს ზრდის. თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია ან გელმინტოზი,“-აღნიშნა მალანძიამ.