ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში ერეკლეობა აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, თელავის ცენტრში, ერეკლეს სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა ნაკეთობებისა და კახური ნობათის გამოფენა-გაყიდვა. 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თელავის საპატიო მოქალაქეებად არჩეულ პირებს ჯილდოს გადასცემს. 2009 წელს, თელავის საპატიო მოქალაქეებად არჩეულები არიან მწერალი ზაირა არსენიშვილი; მსახიობი დუტა სხირტლაძე; ისტორიკოსი ზაირა პაატაშვილი; მეღვინე ომარ თხლაშიძე და თელავის სამხატვრო სკოლის ფუძემდებელი სერგო ასლანიშვილი. 
ერეკლეობას კონცერტი დაასრულებს, რომელიც სახელმწიფო თეატრის შენობის წინ, საღამოს, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ერეკლეობის აღსანიშნავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4500 ლარია გამოყოფილი.