სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე ფეკალური მასები მიედინება და სპეციალისტების თქმით, ეპიდემიის საშიშროებას ქმნის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები ინგრევა და კრამიტისა და ქვის ნატეხები ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ცვივა. სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მავთულები პირდაპირ გზებზე ყრია და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.
სარაჯიშვილის, ერეკლე მეორეს და 9 აპრილის ქუჩებზე თავსახურების გარეშეა დატოვებული საკანალიზაციო ჭები.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე უთავსახურო ჭაში 18 წლის ეთერ ჩითინაშვილი ჩავარდა. ჭაში ჩავარდნილი გოგონა მისმა ძმამ გონებადაკარგული იპოვა. გოგონამ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრებმა დაზარალებულის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს, სახლის გარდა. ფინანსური დახმარებისათვის რაიონის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ჩითინაშვილებს არავინ არაფრით დახმარებია.
მძიმე მდგომარეობაშია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაც. სამუშაო ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის. იატაკი კი იმდენად დაზიანებულია, რომ მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. ორმოები მაგიდის თავებით არის დაფარული.
მორყეული და მოშლილია სტეფანწმინდის ეკლესიის კიბე, რომლითაც სიღნაღში ჩასული თითქმის ყველა ადამიანი სარგებლობს და საიდანაც მთელი სიღნაღი ჩანს.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღის რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დღემდე 22 მლნ ლარი დაიხარჯა.