აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და დირექტორ ოთარ შენგელიას კაბინეტში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები გათავისუფლების მიზეზის განმარტებას ითხოვენ.
შენგელიას თქმით, მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და რამოდენიმე მათგანის სამსახურში აღდგენას სამსახურეობრივი გადაცდომების გამო არ აპირებს.
„სულ ცხრა თანამშრომელზეა საუბარი. ხუთ მათგანს გადაცდომა ჰქონდა, რაც შეეხება ოთხს, მე მათ ვუთხარი, რომ დროებით გავათავისუფლე, რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს. როგორც კი გამოსწორდება მდგომარეობა, მათ ისევ დავაბრუნებ. კომისიამ შეგვამოწმა და აქ აღმოჩენილი დარღვევების გამო კლინიკა 80 000-მდე ლარით დაჯარიმდა. ლოგიკურია, რომ შეიქმნა ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა შენგელიამ.
აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ არანაირი დარღვევები არ ჰქონიათ და ისე მუშაობდნენ, როგორც მათ ხელმძღვანელი ავალებდა.
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ ჯანაშიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საკადრო ცვლილებას წინ მედიკოსებს შორის დაპირისპირება უძღოდა.