გორში, ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ. კომპანია „საქგორგაზთან“ შეკრებილები აცხადებენ, რომ დეკემბრის თვის ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი მიიღეს და დარიცხული თანხის ჩამოწერას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე თვეს ბუნებრივი აირის მოხმარება არ გაუზრდიათ, თუმცა ქვითრებზე გაორმაგებული გადასახადი მიიღეს.
გაზის გამანაწილებელი კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” შვილობილი კომპანიაა და აქციის მონაწილეები შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან ითხოვენ.
“მოვითხოვთ ზედმეტად დარიცხული თანხების ჩამოწერას, ან პასუხი გაგვცენ რასთან გვაქვს საქმე. ყინვები არ იყო და შესაბამისად, იგივენაირად მოვიხმართ ბუნებრივ აირს, როგორც გასულ თვეს. არ ვიცით, რამ გამოიწვია ასეთი დიდი სხვაობა. ამას არ მოვითმენთ. როგორც გავიგეთ, კომპანია ამ სხვაობას სადღესასწაულო დღეებს უკავშირებს. ალბათ, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და პასუხი გაგვცენ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლილი ჯუსტიშვილი.