ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების ახლებურად (ბიომეტრიულ მეთოდის გამოყენებით) ჩატარების საკითხის პარლამენტში განხილვის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ და ამისათვის მათ დღეიდან 45 დღის ვადა ექნებათ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიიღო, რომელმაც განიხილა ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო ინიციტივის მიღების საკითხი.
ინიციატივა ეხება არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებას ეს კი ცვლილების შეტანას იწვევს საარჩევნო კოდექსში და შესაბამისად იმისათვის, რომ პარლამენტში დაიწყოს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვა, მაშინ როდესაც საკითხის ინიცირება ხდება არა პარლამენტის და არა მთავრობის მხრიდან, საჭიროა 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას ის პარტიებიც უერთდებიან ვისაც წარმომადგენელ ჰყავთ პარლამენტში, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები, ოპოზიცია მაინც ითხოვს, რომ საკითხი დარეგისტრირდეს საინიციატივო ჯგუფს სახელით.
საინიციატივი ჯგუფის წევრებად კი განსაზღვრული არიან ირაკლი მელაშვილ, ვახტანგ ხმალაძე, ინგა გრიგოლია, ზურაბ აბაშიძე, ზაზა გაბუნია და სხვები.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს აღნიშნული საკითხი განიხილა და დადებითი პასუხი მისცა.
შესაბამისად საინციატივო ჯგუფს მოუწევს 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება. კომიტეტი საინიციატივო ჯგუფს გადასცემს ხელმოწერის ბლანკის ნიმუშს. ბლანკის ნიმუშის გადაცემიდან საინიციატივო ჯგუფმა 45 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს შეგროვილი 30 ათასი ხელმოწერა. შემდეგ კი ერთი კვირის ვადაში პარლამენტი შეამოწმებს ხელმოწერების სისწორეს შერჩევითი მეთოდით და დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება.