პოლიციამ პოეტი ზვიად რატიანი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დააკავა და სცემა, მას დაზიანებები აქვს სხეულზეც და სახეზეც, - ამის შესახებ “ლიბერალი“ ჟურნალისტ ნინო ბექიშვილზე დაყრდნობით წერს.
დაკავებული დიღმის სამმართველოში იმყოფება, ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც და ადვოკატმაც.
ადვოკატის ინფორმაციით, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე, ფეხებზე.
"თამარ მეფის გამზირზე ვიყავი, მანქანით, და ბანკომატთან შევჩერდი" - უთხრა ზვიად რატიანმა მასთან მოსანახულებლად შესულ ადვოკატს.
EMC - ის იურისტის ინფორმაციით, როგორც მას პოეტმა მოუთხრო, რატიანს ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. ისინი არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან, არ ეცვათ ფორმა, და თავდაპირველად ვერც აღიქვა, რომ შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.
რატიანი ყვება, რომ თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, და მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო.
ეს საუბარი გამწვავდა, და შსს-ს თანამშრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. მას ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რატიანი იხსენებს, გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს საქმის ერთსაათიანი, ტელეფონზე გარკვევის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.
ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი დღეს - 24 დეკემბერს, 12 საათზე დაიწყება.