გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებულების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი, იასონ ბესელია ვარაუდობს, რომ დანაშაულში არამხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, არამედ ტოტალიზატორებიც. ადვოკატის განცხადებით, ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რამე კონკრეტული ამ მხრივ არ გამოკვეთილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი, წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.
დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.