„ჩაწყობილი თამაშების“ საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს.
გამოძიება დაკავებულებს, თანხის სანაცვლოდ სუპერლიგის გარკვეული მატჩების გარიგების ორგანიზებას ედავება.
შეგახსენებთ, სუს-მა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი.
მათი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.