სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, „ნიუ ჰოსპიტალსმა“ ჰეპატოლოგებისა და ონკოლოგებისთვის კონფერენცია გამართა, სადაც ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით, ინტერვენციული რადიოლოგიისა და ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის უახლესი მიღწევები წარმოადგინა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები.
კონფერენციას უძღვებოდა ინტერვენციული რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ მიზანდარი, რომელმაც ისაუბრა ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობების შესახებ ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობისთვის. ინტერვენციული რადიოლოგია გულისხმობს რადიოლოგიური დაკვირვების ქვეშ მინიმალური ჩარევით სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარებას, როგორიც არის ორგანოებისა და ქსოვილების ბიოფსია, დრენირება, ტრანსარტერიული ემბოლიზაცია, აბლაცია და სტენტირება.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „რუსეთის რენტგენო-რადიოლოგიის სამეცნიერო ცენტრის“ ქირურგიისა და ონკოლოგიაში ქირურგიული ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გურამ ახალაძე, რომელმაც სტუმრებს წარუდგინა ქირურგიული მიღწევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების დროს და ისაუბრა ღვიძლისა და სანაღვლე გზების ოპერაციების ლაპარასკოპიულ მეთოდიკებზე.
თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით, ინტერვენციული რადიოლოგია და ღვიძლის ლაპარასკოპიული ქირურგია პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური შედეგი მინიმალური ჩარევით - სიმსივნეების და მეტასტაზების აბლაციითა და ამოკვეთით.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ მკაცრი ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული, მულტიდისციპლინარული მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.