დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძის მაცხოვრებლები მგლებისგან დაცვას ითხოვენ. როგორც სოფლის მკვიდრმა ეკა წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, შებინდებული იყო, როცა მგლები მის ეზოში შევარდნენ და 6 ცხვარი შეჭამეს, 2 კი დაგლიჯეს.
„ვხედავდით, რომ ჭამდნენ, მაგრამ გარეთ ვერ გავედით, ბევრი მგელი იყო და ცხვრის გამო ჩვენც ხომ არ დავეგლეჯინებოდით. გამგეობას ბევრჯერ ვთხოვეთ, მონადირეების მორიგეობა დააწესონ, რადგან მგლები სოფელში თითქმის ყოფელ საღამოს დადიან და ქუჩაში ვეღარ გავდივართ. თუ თავს დაგესხათ, მოკალითო, გვითხრეს. რით მოვკლათ? იარაღი არ გვაქვს", - ამბობს დაზარალებული ეკა წიკლაური.
დედოფლისწყაროს გამგეობაში განაცხადეს, რომ რაიონში, მტაცებლების მიერ პირუტყვზე ან ადამიანებზე თავდასხმების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მგლებმა სამი ადამიანი დაგლიჯეს, ათობით ადგილობრივი კი დადორბლეს. შეჭამეს და დაგლიჯეს 50-მდე სული პირუტყვი.