ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე საბჭოს მუშაობას წარმატებულად მიიჩნევს და მაგალითისთვის მოქალაქეთა წერილებზე პასუხის გაცემის ფაქტებს ასახელებს. თუმცა ანტიკრიზისული საბჭოსთვის პრობლემად რჩება ფონდებიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამის შესახებ განცხადება ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობის ბოლო 6 თვე შეაჯამა და რიგით მეოთხე საინფორმაციო ბიულეტინი წარადგინა.
როგორც თორთლაძე აღნიშნავს, საბჭოს მიერ ამ 6 თვის განმავლობაში განხილული საკითხები იყო დევნილთა პრობლემები, სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი საგადასახდო კოდექსი.
მისი თქმით, საბჭოს მუშაობა შეიძლება წარმატებულად შეფასდეს და ამის დასტურად ასახელებს იმ ფაქტს, რომ 6 თვის განმავლობაში ანტიკრიზისულ საბჭოში მოქალაქეთა 1026 წერილი იქნა შესული, საიდანაც რეაგირებისთვის მთავრობას 584 წერილი გაეგზავნა, ხოლო ცალკეული უწყებების მიერ საბჭოში 323 წერილზე იქნა პასუხი გაცემული.
თუმცა თორთლაძის თქმით პრობლემად რჩება ფონდებიდან გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. როგორც მან აღნიშნა ანტიკრიზისული საბჭო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ფონდიდან "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო" უმოკლეს ვადაში ელოდება წერილობით პასუხს. ამ ფონდების მიერ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყოფილი მორიგი დახმარების 2010 წლის განმავლობაში ათვისების კონკრეტული მიმართულებების შესახებ.
როგორც თორთლაძე აცხადებს ამის შესახებ ინფორმაცია ანტიკრიზისულ საბჭოს ჯერჯერობით არ გააჩნია, თუმცა საბჭოს საქმიანობის განმსაზღვრელ მიმართულებად რჩება 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ეფექტურად ათვისების მონიტორინგი.
თორთლაძემ აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული საბჭო მუშაობას აგვისტშიც არ შეწყვეტს და შესაძლოა რიგგარეშე სხდომები აგვისტოშიც გაიმართოს.