4 დეკემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიეიდის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ“ (On Body and Soul) ჩვენებით გაიხსნება. ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - „ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა" წარდგენილი.
სწორედ უნგრეთი არის ფესტივალის წლევანდელი “ქვეყანა ფოკუსში”. კინოფესტივალზე წარმოდგენილი უნგრული ფილმების რეტროსპექტივა კი უნგრეთის კულტურის დღეების ნაწილია, რომელიც ამ დღეებში ჩვენს დედაქალაქში ტარდება.
კინოფესტივალის გახსნას დაესწრება უნგრეთის კულტურის მინისტრი, ბატონი პიტერ ჰოპალი, უნგრეთის პირველი ლედი და დელეგაცია 32 კაციანი შემადგენლობით. ასევე მრავალრიცხოვანი იქნება კანადისა და ბელგიის წარმომადგენლობა. კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან ასევე 20-მდე ქვეყნის დიპკორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები.
ყოველ წელს ფესტივალი ირჩევს აქტუალურ სოციო-კულტურულ თუ პოლიტიკურ პრობლემას. 2016 წელს ეს პოლიტიკა იყო, 2017 წელი კი ხელოვნებას დაეთმობა. სპეციალური კინოჩვენებების გარდა, საფესტივალო დღეებში მთავარ თემას კინოთეატრი „ამირანის“ ინტერიერიც აითვისებს და ის ერთგვარ საგამოფენო დარბაზად მოგვევლინება. სპეციალური მოწვევით თანამედროვე ხელოვნების ახალი პლატფორმა, ქსელი „პროპაგანდა“ ორ საინტერესო ინსტალაციას შემოგვთავაზებს: კოკა რამიშვილის თითქმის კლასიკად ქცეული ვიდეო "სიგნალი" და გიო სუმბაძის "ყავა“ პირდაპირ კინოდარბაზში მოახდენს ინტერვენციას. 2017 წელს მნიშვნელოვანი მოაზროვნე ჯონ ბერგერი (John Berger) გარდაიცვალა, რომლის ცნობილ ვიდეო-ესეების სერიას „როგორ ვხედავთ“ (Ways of Seeing) ფესტივალი ინსტალაციის სახით ასევე კინოთეატრ „ამირანის“ ფოიეში შემოგთავაზებთ.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჯაჯა, სერბი რეჟისორი სერჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.
წელს მეხუთედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და სადაც, წელს უკვე მეორედ, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 3 ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და ბრიტანელი კინოკრიტიკოსი კარმენ გრეი იქნებიან.
მე-18 ფესტივალს სტუმრად ეწვევა კანადელი რეჟისორი დენი კოტე, რომლის 3 ფილმსაც ფესტივალის განმავლობაში შემოგთავაზებთ. ის ასევე ჩაატარებს მასტერკლასს და აუდიტორიას, კინორეჟისურაზე ესაუბრება. გახსნის ცერემონიაზე კი დენი კოტეს გადაეცემა საპატიო „ოქროს პრომეთე“. აღსანიშნავია, რომ კანადა წელს პირველად არის წარმოდგენილი ფესტივალზე თავისი მრავალრიცხოვანი ფილმებით.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს 9 დეკემბერს 19:00 საათზე ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“ პრემიერა დახურავს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და „აწარმოე საქართველოში“. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია სასტუმრო „რუმსი“.