მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად ხელვაჩურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში გაეცნო. მინისტრს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ დირექტორმა გოჩა გოგიტიძემ გააცნო.
►ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს: ხიჭაურში, ერგეში,ქედაში ►გაზის მილები უკვე ჩადებულია 8,2 კილომეტრზე ►სამუშაოებში ჯამში 69 ადგილობრივია დასაქმებული ►პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს ►65 კმ მანძილზე სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება ►სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს.
"აჭარაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად ისტორიული გაზიფიცირების პროექტი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და სულ ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, ძალიან აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე არც ისე მარტივ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი როგორც ხედავთ ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას. გაზის მილები უკვე ჩადებულია 8,2 კილომეტრ მონაკვეთზე. სამუშაო პროცესი ხიჭაურში, ერგესა და ქედაში პარალელურად ხორციელდება.პროექტს აქვს, როგორც სოციალური დატვირთვა, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ჩვენ 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველვყოფთ, ასევე ბუნებრივია აქვს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური სარგებელი.70-მდე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია ამ ეტაპზე და ეს რაოდენობა რა თქმა უნდა გაიზრდება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი მთის განვითარებას სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს, წაახალისებს საინვესტიციო პროცესებს და კიდევ უფრო ეფექტური გახდება ტურიზმი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც გაზიფიცირების პროექტი უკვე ხიჭაურიდან გოდერძიმდე გაგრძელდება, რაც შესანიშნავი კურორტი „გოდერძისადმი“ ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის" - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
►გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.