ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული თურექეთის მოქალაქე ქალი პატიმრობაში დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი.
''საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს'', - განაცხადა საქმის პროკურორმა.
როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის იმაზეც, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს დაკავებულს ურთიერთობა.
დაკავებული თურქეთის მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის.
საქმის მასალებით, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.