„ყველაფერი მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე და ობიექტურობაზეა დამოკიდებული. მათ სრული საშუალება აქვთ, რომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეცვალონ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დეკანოზ გიორგი მამამლაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
დღეს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის დასკვნის შედეგები წარადგინა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, თუკი, სააპელაციო სასამართლო ყველა მტკიცებულებას შეაფასებს, შესაძლებელია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალოს.
სახალხო დამცველის განმარტებით, იმ მასალებით, რაც მამალაძის გამატყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ამას გარდა, ნანუაშვილის განცხადებით, მონიტორინგისას არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
„სახალხო დამცვველი ნეიტრაული მხარეა, მან დაკავების დღიდან განახორციელა მონიტორინგი. რეალურად, დაინახა ყველაფერი და ამის შესაბამისად აანალიზებს, თუ როგორი აბსურდული ბრალი აქვს მამა გიორგის წაყენებული და როგორი უდანაშაულო არის ის. გარდა იმისა, რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო, მცდელობა იყო, ამ პროცესს თვით სახალხო დამცველიც კი არ დასწრებოდა.
მოგეხსენებათ, სახალხო დამცველი ტყუილად არ აკეთებს ასეთ განცხადებებს. თუ არც სააპელაციო სასამართლო, არც უზენაესი სასამართლო მიიღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებას, ევროპელობაზე, სამართლიანობაზე და დემოკრატიაზე პრეტენზია ნუ გვექნება. ეს საქმე სტრასბურგამდე რომ ჩავიდეს, ზუსტად ვიცი, სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება როგორც ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა რამიშვილმა.
გამორიცხული არ არის, დეკანოზის ადვოკატებმა სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინონ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.