თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოსამართლეს არაერთხელ ვთხოვე პროცესზე აბესაძესთან გასაუბრების საშუალება მოეცა, პასუხები მას ცოტა არაადეკვატური ჰქონდა, ეს ბიჭი რეალობას მოწყვეტილია. სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან მისი სამედიცინო ბარათი ამოვიღე, რომელსაც ყოველდღიურად გლდანის მე-8 საპყრობილის მთავარი ექიმი აწარმოებს. აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დროის ამ მონაკვეთში იმაზე მეტად დამძიმდა, ვიდრე ველოდით“, - აცხადებს ადვოკატი.
სასამართლოზე ბრალდების ორი მომწმე დაიკითხა. როგორც ფილაური, აცხადებს, არცერთ მათგანს აბესაძის ბრალეულობაზე არ უსაუბრია.
„დღეს ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. ორივე მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამნეტის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია. ამ ადამიანებმა სასამართლოს მიაცოდეს ინფორმაცია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ოთარ აბესაძის სისხლის სამართლის საქმეში. მეტი მოწმე პროცესზე არ დაკითხულა. აბესაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არცერთ მოწმეს უსაუბრია“, - აცხადებს ადვოკატი,
შემდეგი სასამართლო პროცესი 28 ნოემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით, 12 ივლისს დააკავეს.