ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ბარონესა ქეთრინ ეშტონი ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა.
ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა ეშტონს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებული ვითარება გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ახალგორის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებენ.
"მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა სადამკვირვებლო მისიის მუშაობას გავცნობოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა აუცილებელია იმისთვის, რომ პროცესის მშვიდობიან მოგვარებამდე მივიდეთ. ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანია დავეხმარო ამ ადამიანებს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო", - აღნიშნა ეშტონმა.
სოფელ ოძისიდან ბარონესა ქეტრინ ეშტონი წეროვანში დევნილთა დასახლებაში გაემგზავრა. დღესვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის მისიის ოფისში მისვლასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი ბარონესა ეშტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბათუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს დახმარებასა და მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.