საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატის და ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ორგანიზებით 2017 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, გაიმართა სემინარი თემაზე: „DCFTA საქართველო- თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.
აჭარაში მოქმედ სამეწარმეო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მოესმინათ ინფორმაცია არსებული შესაძლებლობებისა და შეღავათების შესახებ.
სემინარზე განსახილველ საკითხებს შორის იყო: ახალი თაობის სავაჭრო შეთანხმების სარგებელი საქართველოსთვის, საქონლით ვაჭრობის საკითხები, არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში, სურსათის უვნებლობის თანამედროვე კონცეფცია, სურსათის, ცხოველური საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, სერთიფიკატები, ევროკავშირის ზოგადი მოთხოვნები, ექვივალენტობის აღიარება, გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობა, საბაჟო რეგულაციები, DCFTA-ის ზეგავლენა საქართველოს საკანონმდებლო ნორმებსა და რეგულაციებზე და სხვა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. სემინარს უძღვებოდა საქართველოში კოოპერატივების განვითარების კოორდინატორი ელისაბედ ცხადაია.
ღონისძიებას ადგილობრივი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის ძირითადად სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორის წარმომადგენლები იყვნენ. სემინარის მთავარი მიზანი მეწარმეებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება იყო. ასევე, სემინარის შემდგომ პერიოდში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრი აჭარის რეგიონში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ტრენინგებს სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორებისთვის გამართავს, სადაც მეწარმეებს მათთვის აქტუალურ კონკრეტულ საკითხებზე მიაწვდის ინფორმაციას.