სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, ომის ვეტერანებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა, ასევე, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რეგიონში ნარკომანიის საგანგაშო მასშტაბები გააპროტესტეს.
აქცია 26 ოქტომბერს სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე ჩატარდა ლოზუნგით: „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე”. ისინი სოხუმის ე.წ. მთავრობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაზე მისულმა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც აღიარა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ამას ერთობლივად უნდა შეებრძოლონ.
აქცია „სოციალურ – ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა გუმბა ამბობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო და იმისათვის, რომ მომავალი თაობა შეინარჩუნონ, „ძალიან ბევრი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ“.
ცენტრი ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ მთავრობა არ ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ კრიმინალურ ბიზნესს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ნარკორეალიზატორებზე სასჯელის უნდა გამკაცრდეს, ხოლო მომხმარებელთა მიმართ შემსუბუქდეს.