ხვალ, 15 ივლისს, ბათუმში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პირველი პლენარული სესია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ევროპული მხრიდან მოლაპარაკებებს ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის მოადგილე იუგ მინგარელი უხელმძღვანელებს, ხოლო ქართული მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე.
ქართული მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა კეთრინ ეშტონი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ეშტონი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ფორმალურად გახსნიან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.