ბათუმში დაჭრილი პირები სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი ხიმშიაშვილის ძმამ, რამაზ ხიმშიაშვილმა სამშენებლო კომპანია „რეალ-პალასის“ ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. თვითმხილველების თქმით, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება.
ცნობისთვის, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 46 წლის კაცს, ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში აქვს, დაზიანებულია რბილი ქსოვილები. პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბინაზე გაეწერება. რაც შეეხება მეორე პირს. 56 წლის კაცს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ორივე ფეხზე, მენჯ-ბარძაყის მიდამოში აღენიშნება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.