გომბორის ქედის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ღია კერები აღარ არის, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, დაიწვა მხოლოდ ხმელი ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის ქედის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ხანძრის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი შერეული ტყის მასივზე არ გავრცელებულა. დაიწვა მხოლოდ ხმელი ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე”, - აღნიშნულია განცხადებაში.