აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ქუთაისის ოფისში წიგნის, “პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავი”, მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა აერთიანებს აღიარებული, გავლენიანი მოაზროვნეების ტექსტების ქართულ თარგმანებს.
ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და ისინი დღემდე განსაზღვრავს დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე.
“ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პოლიტიკური და დემოკრატიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. ამ წიგნის გამოცემით ჩვენ ვცდილობთ შევავსოთ ის არსებული სიცარიელე, რასაც ამ ტიპის ქართულენოვანი ლიტერატურის სიმცირე წარმოშობს. ამ წიგნის ბეჭდური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზაციის როგორც თბილისის ოფისში, ასევე, საქართველოს ოთხ ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი) არსებულ დემოკრატიის სკოლების ბიბლიოთეკებში”, - აცხადებს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, თემურ ჯვარშეიშვილი.
წიგნი ქუთაისში ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამის, დემოკრატიის სკოლის, კურსდამთავრებულებმა წარადგინეს.