აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენი ჩამოფრინდება.
,,დილის 6 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო სამუშაოებში. სრული შემადგენლობაა მობილიზებული. 400 მეტი ადამიანი ერთდროულად გასულია უშუალოდ ოთხივე ლოკაციაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაყვანა. შესაბამისად, მობილიზებულია სახანძრო მანქანები. როგორც კი მიეცემათ საშუალება და გაიჭრება გზები მანქანები მივლენ უშუალოდ ლოკაციებზე ცეცხლთან. თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე ამოტანილია საკმაოდ დიდი ოდენობის ავზები - ე.წ. პომპები და პორტატიული საშუალებებით მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ადგილზე. რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ვერტმფრენის გამოგზავნას, ამ წუთებში ვერტმფრენი იმყოფება ქ. ტრაპიზონში და უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. მუშაობა გრძელდება, წყლის ავზები თავიდან ბოლომდე მოწყობილია, ვერტმფრენებს არ აქვთ წყლის აღების პრობლემა და რაც მთავარია, ეს ლოკაციები არის ახლოს ხანძართან და ვერტმფრენი ძალიან მცირე დროში ახერხებს წყლის აღებას და ლოკაციებზე დაბრუნებას. ქარის ამოვარდნამ ცოტათი შეაფერხა და გაართულა სამუშაოები, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოსკენ ჩვენ გვექნება შედეგი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.