8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით და GTZ, CEGSTAR, NALAG მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმრო "შერატონ პალასში", გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები".
კონფერენციაში მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ რატიფიცირებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართვლობის შესახებ ევროპული ქარტია, რომელიც წარმოადგენს ყველა შესაბამისი კანონმდებლობისა და ევროსაბჭოსთან საკანონმდებლო თანამშრომლობის მთავარ რეკომენდაციას. კონფერენცია - "ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები" - სწორედ აღნიშნული ქარტიის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას შეეხება.
კონფერენციის მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობაში მომუშავე წარმომადგენლებმა, საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან ერთად განიხილონ და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა, ადგილობრივი და რეგიონული განვითარების საკითხებში და განსაზღვრონ გამოსავალი საერთო გამოწვევებისაგან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ კავკასიის, ევროსაბჭოს ქვეყნებისა და საქართველოს 150 (ასორმოცდაათი) წარმომადგენელი. ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მთავრობის სხვა ოფიციალური პირები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონის ექსპერტები. კონფერენციაზე შეკრებილ აუდიტორიას პრეზიდენტის სახელით მიესალმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი.