შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა.
როგორც საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თათბირზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს, მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
"ამ დროისთვის, ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არც ერთი ახალი კერა. ღამით, ორ ლოკაციაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება დაფიქსირდა, რისი ლიკვიდირებაც დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადაში მოხდა.
ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
დღეს საქართველოში ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში.
საგანგებო შტაბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ადგილზე მუშაობას განაგრძობენ", - ნათქვამია განცხადებაში.