შინაგან საქმეთა სამინისტრო შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.
"შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.