თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მოემართება, რომლებიც აბასთუმანში ქართველ მაშველებს დაეხმარებიან, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას.
„გასულ კვირას თურქეთი იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, - განაცხადა გუმრუქჩუმ.