შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.
შსს-ს ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.
ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.