თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, საგამოფენო დარბაზის ქვემოთ, უცნობი დარბაზი აღმოაჩინეს. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დარბაზს არქეოლოგები შეისწავლიან.
„ამ დარზაბის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და შესაბამისად არც ის ვიცით, რა დანიშნულება ჰქონდა. დარბაზი მიწით არის სავსე და საჭიროა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ეს სკოლა ერთი საუკუნისაა და ალბათ, დარბაზიც ამ დროიდან არსებობს," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ვახტანგ ლაცაბიძემ.
თელავის მინუციპალიტეტის გამგებლის ვასილ დავითაშვილის თქმით, ახალი დარბაზის აღმნოჩენის გამო, რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა იგეგმება.
ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით, შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს და პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. შენობის რეაბილიტაციაზე 100 000 ლარი დაიხარჯება. თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. შენობა XIX საუკუნის ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.