ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსი ტურისტები დაჯავშნილ ტურებზე უარს აცხადებენ. ე.წ. ,,აფხაზეთის ტურიზმის კავშირი“ იმედოვნებს, რომ 2 კვირის განმავლობაში ტურისტები დამშვიდდებიან და ისევ ჩავლენ დასასვენებლად.
,,საწყობის აფეთქების შემდეგ რეკავენ ტურისტები, რომლებიც უკვე მოემართებოდნენ აფხაზეთში. მათ შეიტყვეს რომ აქ ხდება აფეთქებები და ბრუნდებიან უკან. აფხაზეთში დასვენებაზე ძირითადად ისინი ამბობენ უარს, ვინც ჯერ ჩამოსული არ არის. თუმცა, არის შემთხვევი, რომ უკვე ჩამოსული ტურისტებიც ტოვებენ აქაურობას. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში დასვენებაზე ტურისტების 50 % - მა უარი თქვა. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 2 კვირის განმავლობაში ტურისტები დამშვიდდებიან და ისევ ჩამოვლენ ჩვენთან სეზონის დასრულებამდე“, - აცხადებენ ე.წ. ,,აფხაზეთის ტურიზმის კავშირში“ .
2 აგვისტოს, ოკუპირებულ გუდაუთში იარაღის საწყობის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა. გარდაცვლილები პეტერბურგელი ქალბატონები არიან, რომლებიც გუდაუთაში ისვენებდნენ. დაშავებულთა შორის რუსეთის 34 მოქალაქეა. აფეთქებების შედეგად სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო 3-მა ბავშვმაც.