მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. შეხვედრას გაუძღვა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი, გამგებლის გადაყენების/იმპიჩმენტის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ მარნეულის და სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
“მადლობა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და მის კოორდინატორს, ქალბატონ მარიამ სამხარაძეს მოწვევისთვის. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქეთა გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე”, - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.