ამ დრომდე ადგენენ თურქი სამართალდამცავები ზუსტ დეტალებს თუ რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნში მოხდა. შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთის მიხედვით, შესაძლოა მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულმა ერთ-ერთმა მშობლემა განუცხადა.
„რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ვერსიით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, მეორე ვერსიით მძღოლს მანქანამ გზა მოუჭრა, მას ააცილა და შემდეგ ბორდიულს შეეჯახა, მესამე ვერსიით კი, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა,“ - განაცხადა მშობელმა.
სწორედ მძღოლის დაკითხვას გეგმავენ დღეს გირესუნის პროკურატურაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, მის დაკითხვას აქამდე ვერ ახერხებდნენ. ჯერ ცნობილი არ არის, თუ რა ჩვენებას მისცემს ის.
„მძღოლს აქამდე საუბარი არ შეეძლო. როგორც გავიგე, მასთან გასაუბრებას დღეს შეძლებენ და სავარაუდოდ დაკითხავენ კიდეც. შემთხვევის დღესვე დაკითხეს ბავშვები. სამართალდამცავებს აინტერესებდათ რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამაზე ვერავინ ვცემთ პასუხს, რადგან იმ მომენტში ყველას გვეძინა. როცა გავიღვიძეთ, ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო,“ - აცხადებს დაზარალებული მგზავრი.
თურქეთის კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობას 5 ადამიანი გადის. აქედან ერთ-ერთის, ოპერატორის, რომელიც 60 წლამდე ასაკის მამაკაცია, მდგომარეობა დამძიმდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმების განცხადებით, პაციენტის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ქართული ცეკვის ანსამბლი „ლამპრები“ თბილისიდან ბულგარეთში ავტობუსით მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსში 38 მგზავრი იმყოფებოდა. უმეტესი მათგანი ბავშვები იყვნენ.