ძლიერი წვიმის გამო მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი გარესამყაროს მოწყვეტილია.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
“მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია. იფარის ტერიტორილ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ სრულიად გაანადგურა, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც. ხაიშში ადიდებულმა მდინარემ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფელ გაღმა ხაიშის და სოფელ ზედა ვედის მოსახლეობა'',- ნათქვამია განცხადებაში.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.