სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„გორის რაიონის სოფ. ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.
აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში“, - აცხადებენ სუს-ში.