დღეს, 1-ელ ივლისს, 18:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა "შემდეგი გაჩერება _ ვაგზლის მოედანი". გამოფენის ავტორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები - ირაკლი დოლიძე, ლევან კინწურაშვილი და ზურაბ ქართველიშვილი.
როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხდეს, პროექტზე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60 შავთეთრი ფოტო.
გამოფენის ერთ-ერთ ავტორის, ზურაბ ქართველიშვილის განცხადებით, საზოგადოება ვალდებულია თანადგომა გამოუცხადოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოება ასევე ვალდებულია იზრუნოს საკუთარ ქალაქზე, მის იერ-სახეზე.
"ფოტოებზე დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიებია ასახული. შევეცადეთ წარმოგვეჩინა ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ის პირობლემები, რაც ზოგადად ქუჩის ცხოვრებას ახასიათებს და მეორე მხრივ დამოკიდებულება ჩვენი დედაქალაქისადმი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გამოფენის ერთ-ერთმა ავტორმა ზურაბ ქართველიშვილმა.
ახალგაზრდა ფოტოხელოვანები გამოფენაზე მრავალ სტუმარს ელიან და მათგან წარმოჩენილ პრობლემებზე სავარაუდო რეაგირების იმედებიც აქვთ.
"გამოფენაზე ვიწვევთ დედაქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის ხელისუფლების, ასვე საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩვენს უფროს კოლეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ თემა, რომლითაც ჩვენ წავრდგებით საკმაოდ დამაფიქრებელია, როგორც ცალკეული ადამიანების ასვე ჩვენი დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საავტორო ჯგუფის წევრმა ირაკლი დოლიძემ.
გამოფენის ერთ-ერთი ავტორი ლევან კინწურაშვილი მადლობას უხდის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზის, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მესვეურებსა და პედაგოგ იური მეჩითოვს გამოფენის მომზადებისთვის გაწეული თანადგომისთვის.
ფოტოგამოფენა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში სამ დღეს გასტანს.