საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, გურიაში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საწარმოს ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ევროა. პროექტი ავსტრიელ დ შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, ასევე EBRD-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.
გიორგი კვირიკაშვილი გურიის შემდეგ, აჭარას ესტუმრება და 16:30 საათზე მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.