30 ივნისი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეა. ამასთან დაკავშირებით ცენტრში ღონისძიებები იგეგმება.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის საპატიო თავმჯდომარეც იქნება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მეგობართა საზოგადოების გამგეობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი უხელმძღვანელებს.
საზოგადოების მმართველი ორგანო - გამგეობა - დაკომპლექტებული იქნება როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისა თუ კულტურის მოღვაწეთაგან. ისინი შერჩეულნი არიან წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულების შესაბამისად.
მეგობართა საზოგადოების მიზანია დაწესებულების, როგორც უნიკალური, განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვისა და კვლევის ცენტრის, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
30 ივნისს გაიხსნება ასევე ექსპოზიცია სახელწოდებით "მეფური შეწირულობა" (ასე უწოდა გაზეთმა "დროებამ" ნიკო დადიანის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის დადიანთა უნიკალური კოლექციის - 169 ხელნაწერის შეწირვის ფაქტს), სადაც ხელნაწერთა დონაციის მთელი ისტორია წარმოჩნდება. გამოიფინება ბოლო წლებში შემოწირული ხელნაწერებიც, ცენტრი წარმოადგენს იმ ხელნაწერებსაც, რომელთა შეძენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
დაარსების დღეს გაიმართება ბოლო ერთი წლის განმავლობაშიშემოწირული სიძველეების (ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, არქივები) ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი.
შემომწირველებს შორის არიან ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც ცენტრს გადასცა ბაბუის შოთა მესხიას არქივი, მამუკა ხაზარაძემ კი მე-19 საუკუნის კარაბადინი.
ამავე დღეს ცენტრი აწესებს მისი დამაარსებლის ილია აბულაძის სახელობით სტიპენდიას, ასევე გამოვლინდება კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიატი.
ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.