დღეს, 30 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამების ეკლესიაში (ეროვნული ბიბლიოთეკის უკან) კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობას შეაფასებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით სამების სახელობის ეკლესიაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ეკლესის გადარჩენისთვის პარალელურ რეჟიმში ახორციელებენ ძეგლის ურთულეს კონსტრუქციულ გამაგრებით და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაობს. ასევე მიმდინარეობს სამების სახურავის შეცვლა ტრადიციული კრამიტით.
თბილისის სამების ეკლესია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის უკან მდებარეობს. ამ ადგილას პირველი ეკლესია 1790 წელს პეტრე აღნიაშვილის თაოსნობით აშენდა. 1832 წელს კი მისმა შვილიშვლმა მღვდელმა სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა ეკლესიას დასავლეთ კარიბჭე მიადგა და მანვე 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლოო დააშენა.
მცირე ხნის შემდეგ შენობა მთლიანად განაახლა დეკანოზმა ნიკოლოზ არდაზიანმა. ეკლესია 1863 წელს აკურთხეს. აქ დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა.
1990 წლის მიწისძვრის დროს თბილისის სამების ეკლესია ქალაქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებისგან განსხვავებით განსაკუთრებით დაზიანდა. დაიბზარა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები და კამარები. წლების განმავლობაში ინტერიერში ნალექების ჩადინებამ საგრძნობლად დააზიანა კედლის მხატვრობა. ძეგლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრების შედგად.
სამების ეკლესის მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგანგებოდ ერთ ეტაპად დაგეგმა ეკლესიის კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელება.
ძეგლი სრულად რეაბილიტირებული იქნება წლის ბოლომდე.