რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 3 ნოემბერს გაავრცელა ცნობა სათაურით "საქართველოს ხელისუფლების ახალი პროვოკაცია", რომელშიც საუბარია რუსეთის მოქალაქის ი. ქენქაძის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ თითქოსდა დაკავების მცდელობისა და ვახანიას და ბლიაძის დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით.
"რუსეთში, თვით ამ ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ მართლმსაჯულებას სრულიად სამართლიანად "ბასმანის სასამართლოს" უწოდებენ. ალბათ ამიტომაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ძალზე რთულია წარმოიდგინოს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს პატივს სცემენ და მკაცრად იცავენ მართლმსაჯულების ყველა პროცესუალურ ნორმას.
რუსეთის ზემოხსენებული მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი - სამშობლოს მიმართ ნოსტალგია და წინაპრების საფლავების მონახულება, შეიძლებოდა რუსეთის საგარეო უწყებისაგან უბრალო პათეტიკად აღგვექვა. მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ჯარები და მათი მარიონეტები უკვე თითქმის ორი ათწლეულია არ უშვებენ ასიათასობით ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს სამშობლოში, მათ შორის არც წინაპრების საფლავების მოსანახულებლად და უფრო მეტიც, დღეს რუსი ოკუპანტები ახალი "ბერლინის კედლის" აგებით არიან დაკავებულები, ადასტურებს, რომ ეს უბრალო ცინიზმია", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება ხალხთა შორის კავშირებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ცნობაში მოყვანილ პასაჟს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "სწორედ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ, რუსეთის მრავალათასიანი საოკუპაციო ჯარის მიერ განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ, უდანაშაულო ხალხის, მათ შორის ბავშვების, ქალებისა და მოხუცების განადგურებამ და სხვა დანაშაულებრივმა ქმედებებ
"ყველასთვის ნათელია, რომ ამ ვითარების შექმნა არც საქართველოს ხალხის და არც საქართველოს ხელისუფალთა ბრალია, როგორც ეს სურს წარმოაჩინოს რუსეთის მხარეს. ასეთი ცინიკური მიდგომა განუყრელი მოვლენა გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარი საქართველოს ეხება. მაგრამ თავის ბოლო განცხადებებით ამ უწყებამ ყველა რეკორდი მოხსნა", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ მოსკოვს "გულდასმით გაეცნონ სხვათა გამონათქვამებს და შეეცადონ არ დაამახინჯონ მათი აზრი საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით".
"იძულებული ვართ მოვიყვანოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის სრული ციტატა: "საქართველოს ყოველი შემდგომი მთავრობა კიდევ უფრო ხისტი იქნება რუსეთთან მიმართებაში, თუ მოსკოვი გააგრძელებს იგივე პოლიტიკას. რუსეთი სრულიად არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში შესაძლოა გადადონ ეს პრობლემები მე-18 თაროზე და დაივიწყონ რუსეთის არსებობა", - აღნიშნულია განცხადებაში.